ჩინეთის ძანსუს პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩანჯოუში მცხოვრებმა იოუ ჯიენშიამ, რომელიც 12,5-სანტიმეტრიანი წამწამების გამო გინესის რეკორდების წიგნში ჯერ კიდევ 2016 წელს მოხვდა, საკუთარი შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეძლო. როგორც ცნობილია, მის თვალის ქუთუთოებზე ამოსული ყველაზე გრძელი თმის ღერის სიგრძე ამჟამად 20,5 სანტიმეტრს შეადგენს.
იოუ ჯიენშიას განცხადებით, წამწამების უჩვეულო ზრდა მან 2015 წელს შენიშნა. ამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ჩინელმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმებმა მისთვის დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. მედიკოსები ჯიენშიას მდგომარეობით შეცბუნებულები არიან, თუმცა თვითონ ის მიიჩნევს, რომ გრძელი წამწამები ბუდას მიერ ნაბოძები საჩუქარია.
იოუ ჯიენშია ფიქრობს, რომ გრძელი წამწამებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ამის გარდა, ჩინელი ქალის თქმით, აქამდე ფიზიკურად საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა რაც ქუთუქთოებზე თმის ზრდა დაეწყო, თავისი სხეული უფრო ძლიერი ეჩვენება. იმის მიუხედავად, რომ ჯიენშიას წამწამები თითქმის მთელ სახეს უფარავს, მისი განცხადებით, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის და პირიქით, მაკიაჟის გაკეთებისას დროის დაზოგვაში ეხმარება.









