26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს.
ამასთან დაკავშირებით, 15 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო‘Mercure Tbilisi Old Town’-ში (თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 9) პრესკონფერენცია გაიმართება.
მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები – აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ა ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.
წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის ორგანიზატორები FINA და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია არიან.










