ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა თქვა, შეხვედრაზე შინაარსობრივ მხარეზე არ უმსჯელიათ, მხარეებმა განიხილეს ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც “რიონის ხეობის” მცველები სახელმწიფოსთან მედიაციის პროცესს დაიწყებდნენ. “რიონის ხეობის მცველებმა” ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად დრო შემდეგ პარასკევამდე მისცეს.
რაც შეეხება პირობებს, ხეობის მცველებს ორი პირობა ჰქონდათ, ხეობიდან ბარიკადების აღება და საპოლიციო ძალების გასვლა. ასევე ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოების შეჩერება.
ამ პირობების ნაწილი შეთანხმდა, ვგულისხმობ საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას ძირითად ადგილზე, სადაც იყო ნამოხვანში აქამდე. ასევე მკაფიოდ დადგა დაკავებული ჩვენი თანამებრძოლების საკითხიც. პროკურატურას მოუწოდებენ, რომ ჩვენი თანამებრძოლები უნდა გათავისუფლდნენ. საფრთხე არსებობს ჩვენი თანამებრძოლების დაკავების, საყულიას შემთხვევა გავიხსენოთ და დავაყენეთ საკითხი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები უნდა შეწყდეს. შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, დადგება შემდეგი პირობების დაყენების საკითხი. რაც ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას ველოდებით”, – თქვა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ახლა “დაყენებული პირობების დეკლარირებულად შესრულებას ელოდებიან”. მისივე თქმით, მედიაციის პროცესის მთავარი პრობლემა არის ის, რომ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები არასდროს არ მიდიან ხოლმე და დღესაც ასეთი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, “პარასკევამდე დაელოდება ამ მოთხოვნების შესრულებას” და იმედს გამოთქვამს რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის განცხადებით კი, შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებენ რისკების შეფასებას. გარდა ამისა, იმსჯელეს თუ როგორ არის შესაძლებელი ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ხეობაში ბარიკადების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დაცვა. ასევე, შეთანხმდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დაცვაზე.








