საერთაშორისო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში, 350,000 ადამიანი გაუსაძლის მდგომარეობაშია.
მათივე ცნობით, საკვების კუთხით ტიგრაიში კატასტროფული მდგომარეობაა და მოქალაქეები შიმშილით იხოცებიან.
გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები კრიზისის გადასაჭრელად.
ეთიოპიის ტიგრაის რაიონში ვითარება შარშან ნოემბერში დაიძაბა. მთავრობამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია “ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის” წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მმართველობის სისტემის შეცვლას მოუწოდებდნენ და ამ მიზნით რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიკავეს.
2020 წლის ნოემბერში ეთიოპიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა. ათასობით ადამიანი დაიღუპა, 1,7 მილიონს კი საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუხდა.









