შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები.
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები“, – ნათქვამია განცხადებაში.









