ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი ბენეფიციარები დღეს სკოლაში აღმზრდელებმა წაიყვანეს. ეს პარასკევის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაუშვეს. აღმზრდელები მედიასთან პანსიონში ძალადობის ფაქტებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, ჟურნალისტებს მოსყიდული ჰყავთ.
“არაფერი ძალადობა არაა, ძალადობა თქვენ ხართ. რეალური მტკიცებულება ჩაუშვით და დაამტკიცეთ. მოსყიდულები გყავთ ბავშვები, გადი დამანებეთ თავი… დაგვეთხოვეთ, თორემ პოლიციას გამოვიძახებ ახლა”,– თქვა ერთ-ერთმა აღმზრდელმა.
ბავშვებზე ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს ასევე კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მეუფე ნიკოლოზი გუშინ, 7 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა. მან პოლიციას მოუწოდა, რომ პანსიონთან კედელი გააკეთოს, რომლის იქითაც ჟურნალისტები შესვლას ვერ შეძლებენ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გუშინ ასევე შსს-ს წარმომადგენლებიც შევიდნენ, თუმცა რა მიზნით იმყოფებოდნენ ისინი იქ უცნობია.
პანსიონში ამ დრომდე რჩება 32 ბენეფიციარი. მათი გაყვანის პროცესი სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. პანსიონიდან ბავშვები მას შემდეგ გაჰყავთ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დაააკმაყოფილა , რომლის თანახმადაც ბავშვები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.










