5 ივნისს, 14:00 საათზე, ოზურგეთში, შპს „გურია ექსპრესთან” სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავლენ და აქციას გამართავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ისინი აქციაზე ხელისუფლებას მიმართავენ და კანონის აღსრულებას მოითხოვენ, რომლის იგნორირებასაც დამსაქმებელი ახდენს.
„ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესში” გაფიცვა 33 დღეა მიმდინარეობს. დასაქმებულები ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, ხელფასების მატებას და ჰიგიენისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დამსაქმებელი ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით, ამ დრომდე უარს ამბობს პროფკავშირებთან მოლაპარაკებაზე და შეთანხმების გაფორმებაზე.
სამმხრივ მოლაპარაკებაზე კანონის გვერდის ავლით, უარს ამბობს ოზურგეთის მერიც, რომელიც ანტიპროფკავშირული აქტივობებით უფრო მეტადაა დაკავებული, ვიდრე მის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებზე ზრუნვით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.










