“მთავარის” ინფორმაციით ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შუქრუთელების აქცია გრძელდება. საელჩოსთან მათ უკვე მეხუთე ღამე გაათენეს და თითქმის ყველა მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს, ხშირად უწევთ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.
ჭიათურაში, მადნის მოპოვებით დაზარალებულები ელოდებიან რომ ამერიკის ელჩის შუამავლობით ხელისუფლებას ხმას მიაწვდენენ.
“თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ეს არის 23-ე დღე და ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს ასეთ მდგომარეობაში, რომ საკვები არ მიიღოს, რა თქმა უნდა, გართულდა ეს მდგომარეობა. სასწრაფო მოდის უტარდება პირველადი დახმარება. აღმოუჩენენ დახმარებას სტაციონარში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან თავისი სურვილით და ასეთ დღეში ვართ.
პირადი მაგალითიდან მუქარაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემს ტელეფონზე არ განხორციელებულა, თუმცა არსებობენ აქციის რამდენიმე მონაწილეები, რომლებმაც ასეთები განიცადეს. პოლიციის განყოფილებიდან იყო, როგორც შემდეგ თქვეს”,- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოფელ შუქრუთში დაწყებული პროტესტი უკვე 106-ე დღეა გრძელდება. ისინი ითხოვენ, რომ ჯორჯიან მანგანეზმა შესაბამისი კომპენსაციები მისცეს იმ ზარალის სანაცვლოდ, რაცადგილობრივების საცხოვრებელ სახლებს მადნის მოპოვებისას მიადგა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ აქციის გამო, შანტაჟისა და მუქარის ადრესატებიც გახდნენ და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებასთან ერთად ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებითაც ემუქრებიან. მოშიმშილეები ჭიათურიდან ჩამოსულმა გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.










