შუქრუთელების აქციაში მონაწილე ქალი, რომელსაც ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ, ყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.
აქციის მონაწილე პოლიციისგან საქმეზე გამოძიებას მოითხოვს.
“ეს პირველი კი არ იყო, ათასჯერ იყო ასეთი მუქარის ზარი, რომ მე იმ აქციიდან წამოვსულიყავი, თორემ გაასაჯაროებდნენ რაღაც უბედურებებს შეთხზავდნენ ჩემი ოჯახის მიმართ. არ ფიქრობენ ისინი არაფერზე, ოღონდაც ამ კომპანიას არ შევეხოთ და არაფერი ცუდი ვთქვათ მასზე, რა მეთოდებით გვებრძვიან ვეღარ ვუგებთ და სვრიან ასეთ პატიოსან ოჯახებს ამ საქმეში. თუ ვერ გამოიძიებს პოლიცია, შეურცხვა მთელ საქართველოს თავი, რომ აღარც პოლიცია ყოფილა ჩვენთვის, აღარც უსაფრთხოება და აღარც სამართლიანი ქვეყანა ყოფილა”,-თქვა მან “მთავართან” საუბარში.
შუქრუთელები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, მიწები კი დაიმეწყრა. შუქრუთელების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გრძელდება.










