ჩინური ვაქცინის მწარმოებელმა “სინოფარმმა” ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 72,8%-ით და 78,1%-ით იცავს სიმპტომური ვირუსის გამოვლინებიდან.
ჩატარებული კვლევა 40,832 მოხალისეს მოიცავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბაჰრეინიდან, ეგვიპტიდან და იორდანიიდან. ისინი თანაბრად დაიყვნენ სამ ჯგუფად, რის შემდეგაც ნაწილმა ვაქცინა მიიღო, ხოლო დანარჩენმა პლაცებო. სრულად ვაქცინირებულების შემთხვევაში საშუალოდ ყოველი ათასი ადამიანიდან პირველ ჯგუფში 26 ადამიანს გამოუვლინდა სიმპტომური ვირუსი, ხოლო 21-ს მეორე ჯგუფიდან.
აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად არცერთ მოხალისეს, რომელსაც ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდა მიღებული, არ განუვითარდა მძიმე დაავადება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევაში მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ, მათგან 85% კაცი იყო, ხოლო სულ რაღაც 2% იყო 60 წელს გადაცილებული. ეს ნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში ქალებზე და მოხუცებზე შედარებით ნაკლები მონაცემები გვაქვს.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ თვის დასაწყისში სინოფარმს ავტორიზაცია მიანიჭა, რაც მის გავრცელებას კოვაქსის პლატფორმის ფარგლებშიც შეუწყობს ხელს.