ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დაბომბვა და სარაკეტო შეტევები დილიდან რამდენიმე ქალაქის მიმართულებით დაიწყო. იერიშები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორი ისრაელის სამხრეთს უტევს. ვრცელდება ვიდეო როგორ ეცემა ღაზას სექტორიდან ნასროლი ჭურვი ქალაქ აშდოდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ჩაშალეს რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება “ჰამაისის” მიერ ზღვიდან შეტევის მცდელობა და მათ ჩრდილოეთ ნაწილში წყალქვეშა ხომალდი გაანადგურეს. უწყებამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა.
რაც შეეხება კონფლიქტის დროს დაშავებულებს – ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 198-ია, მათ შორის 58 ბავშვია, ხოლო დაშავებულია მინიმუმ 1 300 ადამიანი. სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენია გარდაცვლილებს შორის “ჰამასის” წევრი ან ლიდერი.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ორშაბათის შემდეგ მათი მიმართულებით 3 150 რაკეტა ისროლეს, საიდანაც 460-მა ვერ გადალახა საზღვარი. ისრაელის მხრიდან გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
რა ხდება ახლო აღმოსავლეთში:
დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს “ანარქია” უწოდა.










