26 წლის ასელ აიტპატევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მისივე თანამშრომელი ბესიკ თოდუა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ქალი სიძემ – დის ქმარმა გააუპატიურა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი ლაშა შუკაკიძე განმარტავს, გარდაცვლილი ქალის სიძეს საქართველო დაატოვებინეს, ის ყაზახეთში დაკითხეს კიდეც, თუმცა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
„ბესიკ თოდუას რასაც ედავებიან, აბსურდული ბრალდებაა. ოთხი მოწმის ჩვენებაა წარდგენილი, რომლებიც თოდუას დადებითად ახასიათებენ და მისი მხრიდან ძალადობას, მუქარას, ან თუნდაც, რაიმე უცენზურო საუბარს გამორიცხავენ. აუდიომასალაში, რომელიც ორ პირს შორის საუბარია, იდენტიფიცირებული არ არის, იქ ბესიკ თოდუა საუბრობს, თუ სხვა პირი. შესაბამისად, არც ბრალის წარდგენის საფუძველი და არც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობის საფუძველი არ ჰქონდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თოდუამ რაიმე სახის ძალადობა განახორციელა, მითუმეტეს, სქესობრივ დანაშაულზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა შუკაკიძემ.
კითხვაზე, იმუქრებოდა თუ არა 26 წლის ქალი ბრალდებულთან, რომ ის თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანს სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა, ფსიქოლოგიური პრობლემაც ჰქონდა. როგორც ჩანს, მსგავსი მცდელობა მას ადრეც ჰქონდა, მარჯვენა და მარცხენა იდაყვის ზედა მხარეს ნაიარევები ჰქონდა, თვითდაზიანებები ჰქონდა წარსულში. ის, რომ ამ ადამიანს სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა, ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს“, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ასელ აიტპატევას ბესიკ თოდუასთან საცხოვრებლად გადასვლა მისი სურვილით მოხდა.
„ბესოსთან ამ ქალბატონის გადასვლა ასე გადაწყდა: ის ორი-სამი დღის ჩამოსული იყო საქართველოში, როცა საყიდლებიდან რუსთავში უნდა დაებრუნებინა სიძესთან, მურატთან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ ესეც იქ დარჩებოდა, რადგან უკან ჩამოსვლას ვერ მოასწრებდა. ქალბატონმა მაშინ განუცხადა, ჩამოსვლა არ მინდა, ვინაიდან მურატი სისტემატურად მაუპატიურებსო. ამის შემდეგ თოდუამ მას უთხრა, რომ ცალკე ბინაში გადასულიყო და ყველანაირად დაეხმარებოდა, რაზეც ქალბატონმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ მასთან ბინაში გადასვლა ერჩივნა. მეორე დღესვე, ბესიკ თოდუა მურატთან ჩავიდა და ქალის გაუპატიურების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ მამაკაცს საქართველო მეორე დღესვე დაატოვებინეს, ბილეთი უყიდეს და გაუშვეს. ის დღემდე დაკავებული არ ჰყავთ, იქ დაკითხეს და გამოუშვეს“, – აცხადებს შუკაკიძე.
კითხვაზე, სიძის მიერ შესაძლო გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმართა ბესიკ თოდუამ პოლიციას, ადვოკატი პასუხობს, რომ „ის ვერ მიმართავდა, მან პოლიციაში წასვლა ქალს შესთავაზა, მან კი თავი შეიკავა და უთხრა, რომ მოიფიქრებდა“.
კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა ასევე, ბესიკ თოდუამ პოლიციას იმ შემთხვევაშიც, როცა მასთან მცხოვრები ქალი აივნიდან გადავარდნილი ნახა, ვინაიდან მისივე ჩვენებით, ის შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, ადვოკატი პასუხობს, რომ „მასალები გუშინ მიიღო და ჯერ ბოლომდე წაკითხული არ აქვს“.
ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბესიკ თოდუა 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










