ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დაიწყო.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს
ლეო გაბრიაძის ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“ იხილოს.
კინოჩვენებები ხვალიდან კინო საქართველოში გაიმართება.
კონკურსის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოცხადდა, ფესტივალმა 500-მდე ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან მიიღო. საკონკურსო ფილმებს შორის არის
ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან,
ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან,
სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან,
პოლონეთიდან.
ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) 15 ფილმი
მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) კი 26 ფილმი მონაწილეობს.
ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.
მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს –
გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო
რეჟისორი.
1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და
მოყვარული ავტორები, გაიცემა 1 პრიზი – დინოზავრის ნაკვალევი – საუკეთესო
ფილმისთვის.
ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს კინომცოდნეების ჟიური.
5 დღის განმავლობაში ფართო აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ფრანგული,
ჩინური, გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მრავალფეროვან პროგრამას; ეს ფილმები ფესტივალს თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და ჩინელმა კინემატოგრაფისტებმა მიაწოდეს.
ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება უკანასკნელი ათწლეულის თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები; ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘ჭა’; მოეწყობა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა, რომელშიც შევა მისი შედევრები ‘ქორწილი’,
‘ქოლგა’, ‘მუსიკოსები’. ჩვენებას დაესწრება მიხეილ კობახიძის ქალიშვილი ანა კობახიძე,
რომელიც საგანგებოდ ამ ჩვენებისთვის ჩამოდის საქართველოში.
ორგანიზატორების ინფორმაციით კინოჩვენებებზე დასასწრები ბილეთები უფასო იქნება, რომელიც ერთი საათით ადრე უნდა აიღოთ სალაროში.
კინოჩვენებებთან ერთად ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო
ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ: კინორეჟისორი, პროდუსერი ლევან გაბრიაძე,
ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, კინოოპერატორი ალექს ბერკოვიჩი.
ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია „სცენარის განვითარების ვორქშოპი“, რომელიც დამწყებ სიანეასტებს დაეხმარება მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე
მუშაობაში. ვორქშოპის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ კინოპროფესიონალები:
კინოდრამატურგი გივი ბესიკ ოდიშარია, კინორეჟისორი ლევან კიტია, კინორეჟისორი,
სცენარისტი, პროდუსერი გელა ბაბლუანი.
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის
მხარდაჭერით იმართება ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული პროცესების გაცოცხლებასა და დაეხმარება ქალაქ ქუთაისს შევიდეს იუნესკოს კრეატიული ქალაქების რიცხვში. ქუთაისი გააგრძელებს კინემატოგრაფიულ ტრადიციას, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს კი საშუალება
მიეცემათ, ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი შემოქმედება, ასევე მიიღონ საჭირო
ცოდნა პროფესიული განვითარებისთვის.










