აშშ-ში ფლორიდის შტატის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე არქიპელაგ ფლორიდა კისის ტერიტორიაზე ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი კოღოები გაუშვეს.
პროექტის მიზანი ბუნებაში გენმოდიფიცირებული მწერების გამრავლებაა, რათა მათ ისეთი დაავადებების გავრცელება ვეღარ შეძლონ, როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება, ზიკა და სხვა.
კოღოების კვერცხებით სავსე კონტეინერები ფლორიდა კისის არქიპელაგზე ექვს სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. როგორც ცნობილია, 12 კვირაში იქიდან დაახლოებით 12,000 მწერი გამოიჩეკება.
მიმდინარე წელს ამავე ტერიტორიაზე ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი კიდევ 20 მილიონი კოღოს გაშვებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელთა განცხადებითაც, მსგავსი ექსპერიმენტები როგორც მოსახლეობისთვის, ასევე პლანეტის ეკოსისტემისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.