რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ,,ფორმულასთან”, გადაცემა ,,დროების” ეთერში პატიმრობის წლებსა და თავისუფლების შემდეგ მის განცდებზე პირველად ისაუბრა.
კერვალიშვილის თქმით, რთული იყო პატიმრობასთან შეგუება, თუმცა 4 წლის შემდეგ ციხიდან გამოსულს თავისუფლებასთან შეგუებაც გაუჭირდა. ის იხსენებს, რომ პატიმრობის დროს თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია.
„არ ყოფილა ისე იოლი მისაჩვევი თავისუფლება, როგორც წარმომედგინა. ძალიან დიდია თავისუფლება. საოცარი შიმშილი მქონდა თვალების, რომ ბუნებას რომ ვერ ვხედავდი. ბუნება არ ჩანს. არაა ბუნება იქ. ყველაფერი არის ჩემთვის საოცარი, ხეები, ყველაფერი ირგვლივ, სიმწვანე. გამიჭირდა ჩემი შვილიშვილების დანახვა, პირველად რომ დავინახე…
სხვა ასაკის ბავშვები დავტოვე. ჩემი შვილიშვილი მარიტა 8 წლის იყო, ახლა უკვე დიდი გოგოა, 12 წლის. პატარა თინი კი საერთოდ ნანახი არ მყავდა და ახლა არის ოთხი წლის. ეს ძალიან დიდი ინფორმაციაა. გაქვს რაღაც, უხერხულობის შეგრძნება, რომ შენ მიდიხარ და ადამიანები იქ რჩებიან. იმდენი განცდაა. გეშინია იმ სიახლის სადაც შენ მიდიხარ.
არანორმალურად უხარიათ ადამიანის გასვლა გარეთ, თავისუფლებაზე, ეს არის ზეიმი. ტაშით გაცილებენ იქიდან. ისინი ყოველ გამოცილებულ პატიმარზე თავის თავს აღიქვამენ, როგორ გავლენ.
უწმინდესის ლოცვა რომ არ მოგვხმარებოდა, მე და მაია საერთოდ ვერაფერს ვერ შევძლებდით. პირველი, რაც შემოგვითვალა, ილოცეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენ სძულხართ და არიან თქვენი მაჭირვებლები და ჩვენ ერთი დღე არ გამოგვიტოვებია, რომ არ გველოცა მათთვის.
შენ ოჯახზე ლაპარაკობ ყველა თავის დარდზე და არის იმის განცდა, რომ თითქოს ცხოვრება მიდის. ცხოვრების იმიტაციაა ცოტა. ქალები ალბათ ცოტა სახლობანასაც თამაშობენ. გჭირდება ძალიან ცოტა ნივთები. ჩაიდანი, რომლის უფლებაც გაქვს და პატარა ტოსტერი. აი ამ პატარა ტოსტერზე, რომელიც მაღაზიაში იყიდება იქ, დაწესებულების, წარმოიდგინეთ ქალები, თავთავიანთ კამერებში ამაზე ამზადებენ საჭმელს.
დილა იწყება ასე. 10 საათზე აღებენ ოთახის კარებს. და ამ კარს ზოგიერთი აღებს ისე უხმაუროდ, რომ ეს რკინის ხმაური, რომელიც ასე დამთრგუნველია, რომ არ ჩაგესმას და გამოდიხარ იმწუთში იმიტომ, რომ გამოსვლამდე ერთი სული გაქვს.
ამ პერიოდში მაია იწყებს მზადებას, ჩვენი მეზობლებისთვის ხილის, დაჭრილი ხილის და პლასტმასის დანით ჭრის ამ ვაშლს. მე სულ ვუბრაზდებოდი, გავიგე, რომ ვაშლი უნდა მიართვა, მაგრამ ხომ შეიძლება, თვითონ დაჭრიან ვაშლს, იმიტომ, რომ ამის მომზადება ძალიან რთულია, მარიტას ვერ გავუკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის გადაულახავი მდგომარეობა, მაგრამ მარტო ვაშლს არა, თუკი რამე შეუძლია რომ მიართვას, ასიამოვნოს… როგორც შეუძლია.
ქალისთვის სანატრელია ელემენტარული საცვალი. როგორი სანატრელია იცით? შეუძლებელია, მაგრამ რას ვიზამთ.
მე და მაია მოვხვდით ბავშვობაში, იმიტომ, რომ ერთმანეთს აღარ ვიცნობდით, იმიტომ, რომ ჩვენ ცხოვრება იყო ძალიან დატვირთული სხვადასხვანაირად. ჩვენ იმდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის გასაზიარებელი, რომ ეს იყო ისეთი 4 წელიწადი, რომელზეც დედაჩვენი ინატრებდა ჩვენს შორის ურთიერთობაზე.
როდესაც აშენებ, აკეთებ ასრულებ და ბედნიერი ადამიანების მადლობას იღებ, ეს არის ბედნიერება და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი.
არ მინდა ახლა თავი ვინმეს შევაცოდო, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე. გვაპატიეთ ხალხნო, თუკი ეს შეგიძლიათ. რადგან, ჩვენ ერთი დღე არ გაგვიხარია იმაზე ფიქრის გარეშე, რომ რადგან ჩვენ აქა ვართ, საპატიმროში და ვიხდით სასჯელს, ეს არის მისია, რომ გარეთ უფრო მეტად ეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს”, – ამბობს რუსუდან კერვალიშვილმა.
ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება 30 მარტს დატოვა.










