ანტარქტიდაზე მდებარე ბრანტის შელფურ მყინვარს დაახლოებით 1,270 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე აისბერგი გამოეყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია British Antarctic Survey (BAS) ავრცელებს.
ბრანტის შელფურ მყინვარზე, რომლის სისქეც 150 მეტრს შეადგენს, ბრიტანელმა მეცნიერებმა ბზარი ჯერ კიდევ ათი წლის წინ დააფიქსირეს. 2020 წლის ნოემბერიდან ჩრდილოეთის რიფტის სახელით ცნობილმა ნაპრალმა სწრაფად დაიწყო ზრდა, იანვარში კი მისი სიგრძე დღეში საშუალოდ 1 კილომეტრით იმატებდა. 26 თებერვალს ბზარი რამდენიმე საათში ასეულობით მეტრით გაფართოვდა და საბოლოოდ, მყინვარს ყინულის უზარმაზარი მასა მოწყდა. მკვლევრები აისბერგის გამოყოფას ბუნებრივ პროცესს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მომხდარი კლიმატის ცვლილებას გამოეწვია.

აღსანიშნავია, რომ ბრანტის შელფურ მყინვარზე ბრიტანული ორგანიზაციის კვლევითი ბაზა Halley VI მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის გამო სადგური არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. მყინვარზე წარმოქმნილი ბზარების შედეგად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან არიდების მიზნით სამეცნიერო სადგურს ადგილმდებარეობა 2016 წელს შეუცვალეს და შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიტანეს. მკვლევართა 12-კაციანმა ჯგუფმა კი ის ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დატოვა.
შელფურ მყინვარზე მიმდინარე პროცესებს ბრიტანელი მეცნიერები იქ განთავსებული ათზე მეტი GPS მოწყობილობის დახმარებით აკვირდებიან, სატელიტურ სურათებს კი ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და NASA-ს კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრებიდან უღებენ. ამის გარდა, აღნიშნულ რეგიონში ყინულის მდგომარეობას ისინი გერმანიის კოსმოსური სააგენტოს (DLR) მიერ დედამიწის ორბიტაზე 2007 წელს გაშვებული ზონდის TerraSAR-X მიერ მოპოვებული ფოტომასალითაც სწავლობენ.









