ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი ზეკი ქოჯაოღლუ ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ჰესის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში პასუხობს.
როგორც ზეკი ქოჯაოღლუ ამბობს, ბოლო თვეების განმავლობაში მათი ადგილობრივი თანამშრომლები ჰესის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
„მოგესალმებით, მე ვარ ზეკი ქოჯაოღლუ, „ენკა რინიუებლზ”-ის გენერალური მენეჯერი. უკვე 6 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი SCPX- სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტში, BP-ის გენერალური კონტრაქტორის ENKA-ს ხელმძღვანელი. ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანე საქართველოს სამომავლო განვითარებაში.
გარდა ამისა, საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, რადგან სვანური ფესვები მაქვს და ჩემთვის აქაურობა ძალიან ნაცნობი და ახლობელია. მეამაყება, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათი უმეტესობა უკვე ჩემთვის ძვირფასი მეგობარია.
მსურს, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს და მოკლედ მოგიყვეთ ისტორიის სრული ვერსია.
ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები ჰესის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მათი მხრიდან მუდმივად ისმის შეურაცხყოფისა და მუქარის სიტყვები. მე, როგორც დამსაქმებელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ჩვენი კოლეგებისა და პროექტის მომხრეების უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვცდილობ, რომ ისინი დავიცვა პოტენციური ზიანისგან. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი ნამოხვანში.
ვიზიტის დროს, პირადად მე წავაწყდი ძალიან უსიამოვნო ინციდენტს – ჰესის მოწინააღმდეგეებმა გადაგვიკეტეს ENKA-ს ბანაკის გზა, იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემს ეროვნებასა და გარეგნობაზე. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი, ჩემი თანამშრომლებისა თუ პროექტის მხარდამჭერების მისამართით, ისმის შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური განცხადებები.
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ჩემი და ჩემი თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა თუ შევიწროვებისა, ჩემი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა ან უპატივცემულობის გამოხატვა ნამდვილად არ ყოფილა.
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მე ყოველთვის მზად ვარ დაინტერესებულ პირებს შევხვდე, გავესაუბრო და გავცე მათ კითხვებს პასუხი“, – აღნიშნავს ზეკი ქოჯაოღლუ.
ცნობისთვის, 23 თებერვალს ნამახვანში ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ზეკი ქოჯაოღლუ მივიდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა ზეკი ქოჯაოღლუს მოუწოდეს, მანქანაში დამჯდარიყო და საპროტესტო ტერიტორია დაეტოვებინა.










