რამდენიმე დღეში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში სწავლა პირისპირ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რომლებიც მოსწავლეებს ეკისრებათ.
როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები, რომლებიც სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ? – ამ კითხვით “პრაიმტაიმი” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა.
როგორც ის განმარტავს, აუცილებელია მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოზარდებმა პირბადე ატარონ, ხოლო მე-5 კლასამდე კი, რეკომენდირებულია. გარდა პირბადის ტარებისა, ამირან გამყრელიძე სხვა წესებსაც ასახელებს.
“პირბადის ტარება სავალდებულოა მე-5 კლასიდან, თუმცა მე-5 კლასამდე სამედიცინო ნიღბის გამოყენება რეკომენდირებულია.
ასევე, სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების შემდეგი ზომები დაცული აუცილებლად უნდა იყოს:
სოციალური დისტანცია,
ხელების ხშირი დაბანა,
საკლასო ოთახების ხშირი განიავება.
შეგახსნებეთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასკოლო სწავლება 15 თებერვალს განახლდება.










