ეს მანათობელი მცენარეების შექმნის პირველი მცდელობა არ არის. თითქმის 30 წლის განმავლობაში მეცნიერებმა ბევრი სხვადასხვა მიდგომა სცადეს, ნანონაწილაკების მეშვეობით მცენარისთვის ბიოლუმინისცენციისთვის საჭირო ფერმენტებისა და ლუციფერინების მიწოდებიდან, ციცინათელის გენების გადანერგვამდე, თუმცა ყველა ეს მეთოდი ზედმეტად შრომატევადი, ნაკლებად ეფექტური და ზოგჯერ ტოქსიკურიც კი აღმოჩნდა.
ამჯერად, მკვლევართა გუნდმა ახალი გზა აირჩია და მანათობელი მცენარეების შესაქმნელად 2018 წელს აღმოჩენილი ბიოქიმური პროცესი გამოიყენა, რომლის საშუალებითაც სინათლეს სოკოები ასხივებენ. მანათობელი ნივთიერების – ლუციფერინის სინთეზს ისინი კოფეინის მჟავით ახდენენ, რომელიც მცენარეებშიც გვხვდება, თუმცა მცენარეებს, სოკოებისგან განსხვავებით, კოფეინის მჟავის ლუციფერინად გადაქცევის მექანიზმი არ გააჩნიათ.

სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ბიოლუმინისცენტური სოკოს Neonothopanus nambi ის ოთხი გენი, რომელიც კოფეინის მჟავის ლუციფერინად გადაქცევაზეა პასუხისმგებელი, თამბაქოს გადაუნერგეს და შედეგად მანათობელი მცენარეები მიიღეს. მწვანე ფერის ნათება როგორც სიბნელეში, ასევე დღის შუქზეა შესამჩნევი. ის უსაფრთხოა და ათჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენებისას. ამასთანავე, დადგინდა, რომ ფოთლების დაბერებასთან ერთად ნათება მცირდება, ხოლო მათი დაზიანებისას, იზრდება. ყველაზე მეტ სინათლეს კი ყვავილები ასხივებენ.
მეცნიერთა თქმით, ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. ინტერიერის გასაფორმებლად მანათობელი ყვავილების შექმნის გარდა, მისი საშუალებით მცენარეთა შესწავლაც იქნება შესაძლებელი.
“მომავალში ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, მცენარეებში მიმდინარე შიდა პროცესების კვლევისთვის გამოვიყენოთ. მაგალითისთვის, სხვადასხვა ქსოვილში ჰორმონების აქტივობის ვიზუალიზაციისა და გარე სტრესებსა თუ გარემოს ცვლილებებზე მცენარეთა რეაქციაზე დასაკვირვებლად. ნათება ამის არაინვაზიურად გაკეთების საშუალებას მოგვცემს”, – აცხადებს Planta-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარი, კარენ სარქისიანი.
POPX.GE










