ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.
გასული წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს საქართველოს ხელისუფლებამ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.









