Microsoft-ი 2021 წელს ახალი იდეების განხორციელებას გეგმავს. კომპანია ე.წ ჩათ-ბოტის შექმნას აპირებს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებს ვირტუალურად გააცოცხლებს.
ამ უჩვეულო სიახლის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) ვებგვერდზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Tech Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, მოპოვებულ დოკუმენტებში, კომპანია Microsoft-ს სპეციალური ჩათ-ბოტის შექმნა სურს, რომელსაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული თვისებები ექნება. მისი ფორმირება სოციალური ქსელების მონაცემების საფუძველზე მოხდება, რომლებიც მოიცავს ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, პოსტებს და პირად შეტყობინებებს მესენჯერში. დოკუმენტებში ნახსენებია სიტყვა „სწავლება“, რაც სავარაუდოდ, ნეირონული ქსელების გამოყენებას გულისხმობს.ახალი ტექნოლოგია, კონკრეტული ადამიანის შესახებ ინფორმაციის ჩასატვირთად, გამოიყენებს სმარტფონებს, პლანშეტებს ან კომპიუტერს, მონაცემები დაშიფრული სახით შეინახება.
ჩათ-ბოტის გარდა, სერვისის მომხმარებლებს შეეძლებათ ადამიანის 2D ან 3D მოდელი შექმნან. ადამიანის ხმის აღსადგენად, შესაძლოა გამოიყენონ ხმოვანი შეტყობინებები ან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
ტექნოლოგიის დახმარებით, შესაძლებელი გახდება, ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ვირტუალური ასლის შექმნა, რომელსაც შესაბამისი ხასიათი, ხმა და გარეგნობა ექნება.
Microsoft-ი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად ჩაუშვას აპლიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ ჩათბოტს აუცილებლად დასჭირდება პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, რათა შეისწავლოს მისი მონაცემები, რის საფუძველზეც შემდგომში „ისაუბრებს“ ვირტუალურად.
როგორც ჩანს ამ ტექნოლოგიების შექმნის იდეა, ცნობილი ბრიტანული ტელეშოუს „შავი სარკის“ შემდეგ დაიბადა. სერიალი მოგვითხრობს ქალზე, რომლის შეყვარებულიც ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა.
ის ვერ ეგუება საყვარელი ადამიანის დაკარგვას და გადაწყვეტს გამოიყენოს მომსახურება, რომელიც საშუალებას აძლევს შექმნას გარდაცვლილი ადამიანის ციფრული ასლი. შეიძლება ეს ფანტასტიკურად ჟღერს, თუმცა, როგორც ჩანს, Microsoft-ი სამომავლოდ მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავს.










