გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ამ მხრივ შეასრულებს იმას, რაც თქვა.
„არ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის, გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, იცის დიდმა ნაწილმა. რამდენიმე ეკონომიკური საბჭო გვქონდა და თვეების განმავლობაში ვსაუბრობდი საბჭოს წევრებთან წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ თუ ჩემგან რამე გინდათ, შეგიძლიათ აქვე დააზუსტოთ, რადგან საჯაროდ ვიტყვი, რომ პოლიტიკურ თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება. ადამიანები ვართ და პირადი კითხვები დაისვა, შეიძლება დაბადების დღე მიულოცო და ა.შ. გუნდში ძალიან კარგი ხალხი დავტოვე, ძალიან საყვარელი და ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ადამიანური ურთიერთობები ყოფით და ცხოვრების დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. პოლიტიკურ თემებზე თვითონაც შეასრულებენ და არც დამირეკავენ. ჩემი მხრიდან მათი არავითარი კრიტიკა არ მოხდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება.
„მე საჯაროობას ვწყვეტ, ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან, რამდენიმე უცხო მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ, მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს. ე.ი. რა, არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდს წევრზე, რომელებიც ძალიან მიყვარს და რომელთაც დიდ პატივს ვცემ, არანაირი შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განმარტებით, დიდი ხანია, რაც გუნდს მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამზადებს.
„დიდი ხანია ამაზე გუნდს ვამზადებ, თვეებია, შეიძლება იყოს წელიწადზე მეტიც. ამისთვის დიდი ხანია ემზადებიან. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, რაზეც ოპონენტები ცდილობენ თავიანთი ტიპის მმართველობა მე მომახვიონ და დიქტატურას და მსგავს ტერმინებს იყენებენ. ჩემი მუშაობის მეთოდი მხოლოდ კამათია. საერთოდ, ასე მომყვებოდა ბიზნესიდან და ასეთი ვარ. ზოგადად, კამათი ძალიან მიყვარს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გუნდში კამათის მხრივ „უმცროს-უფროსი არ იყო“.
„შეიძლება ასაკით ანგარიშს მიწევდნენ, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ოპონენტს შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ. მე მგონი, ისე მივდივარ, რომ საჯარო სივრცეშიც ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არასდროს მიკადრებია. თუმცა დაუმსახურებელი, უამრავი მივიღე… შესაბამისად, გუნდი მზად იყო. რა თქმა უნდა განიცდიან, ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან გასვლა კითხვებს ყოველთვის იწვევს. ვფიქრობ, გუნდს აბსოლუტური მზაობა აქვს. ძალიან კარგი ვარიანტია „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შოტოებში მონაწილე პარტიის წევრები“, – განაცხადა ივანიშვილმა.










