LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ადამიანურ და სულიერ  ფასეულებებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში

ადამიანურ და სულიერ ფასეულებებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში

დაპოსტა 2021/01/07-ში
A A
252
ნახვა
გაზიარება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6)

უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხსნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესადა მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთაცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ…

ღვთის შეწევნით, ამ ქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანნო!

შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთანმიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოსარაფერმა, მითუმეტესჩვენმა ამქვეყნიურმაწარმატებამ, – ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) – ბრძანებს სახარება.

ეს არის უმთავრესი, – საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

 

ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს.

განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო – ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

ყოველწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.

„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს… ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“. განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"