ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში სულ სამი სოფელია გაერთიანებული: მერია, ნაღობილევი და ხვარბეთი. ამ სამ სოფელში 1500-მდე კომლია.
მალე ამ სოფლებში ციტრუსოვანთა კრეფის სეზონი დაიწყება და ადგილობრივები აქედანვე საუბრობენ სავარაუდო სიძნელეებზე, რაც, შესაძლოა, რეალიზაციის პროცესში გაჩნდეს. ყველაზე მეტად კი, როგორც თავად ამბობენ, ეს პანდემიის გამო იქნება, რადგან რიგი შეზღუდვების გამო, მოსალოდნელია, მოსავალი რეალიზაციის გარეშე დარჩეთ.
თუმცა, ყველაზე ძალიან, მრავალ დასახელებულ პრობლემას შორის, რაც აქაურებს აწუხებთ, უწყლობაა. დიდი ხანია, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ აქვთ და ერთი ჭის წყლით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, ზაფხულში კი მდგომარეობა უფრო გაუარესებულია.
_ რამდენიმე ოჯახშია მოქმედი ჭა. ვისაც ჰქონდა, ყველგან დაშრა, რაც ნაირ-ნაირი კარიერები აღმოცენდა მდინარე ნატანებზე. ასეთი მწყურვალი სოფელი სად იქნება?! 700 კომლზე მეტია სოფელში. ჭა ვისთანაც არ არის დამშრალი, იქ სამი-ოთხი ოჯახი მაინც მიდის წყლისთვის. ზოგი ძაღლის დაბმას ვერ აუდის, იმდენი წყლის მთხოვნელი ჩადის ეზოში. სოფლის ცენტრში გვაქვს ერთი “დაპატიმრებული” ჭა და ამ ერთ ჭაზე, სამი “მატორი” და 6 ოჯახია “ჩამოკიდებული”. ვინმე ან რაიმე რომ არ ჩავარდეს, კბილებიანი მავთული შემოვავლეთ. სამი “მატორია” ჩაკიდული და სამჯერ სამ ოჯახს სათლით ამოაქვს წყალი ,_ გვეუბნებიან მერიელები და გვაჩვენებენ აღნიშნულ ჭაში ჩაკიდულ წყლის რამდენიმე ტუმბოს და ასევე სათლს, რომლითაც, მათივე თქმით, “ლამის წყლის დატაცება ხდება”.










