ჯერჯერობით, ჩვენთან მძიმე პაციენტი კლინიკის გარეშე არ რჩება, ის ვინც მოგვმართავს ან „ფეისბუკზე“ წერს, მართლა ყველა მძიმე კი არ არის, ზოგი წუხს, ზოგი ფსიქოლოგიურად განიცდის, რომ არ დამძიმდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების მიღებას კლინიკები მაინც ახერხებენ.
„პაციენტების მიღება შესაძლოა, ოდნავ შეფერხებით ხდება, შესაძლოა, ერთი-ორი დღის დაგვიანებით, მაგრამ „ვეღარ ახერხებენ“ – ამ ფრაზაზე კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, მაინც ახერხებენ. იცით, რომ საქართველოში პაციენტების ნაწილი რჩება ბინაზე, ნაწილი კოვიდსასტუმროში. შედარებით მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება. საქართველოში გუშინდელის ჩათვლით, ყველა გამოვლენილი შემთხვევის 30%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა. ევროპის ქვეყნებში 20%-ს არ აღემატება ეს მაჩვენებელი. ჩვენ ვინარჩუნებთ 30%-იან ნიშნულს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.










