„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ბოლო ორი დღეა ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით არ გამოსულა და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებული მოვლენების დროს იმყოფებოდა ადგილზე.
დღეს კი მან გაავრცელა საგანგებო განცხადება – ვაშაძე ყველა პარტიას პროცესების ქუჩის ნაცვლად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ და მეორე ტურებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
რატომ არ ჩანდა გრიგოლ ვაშაძე აქციებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში? რატომ არ იმყოფებოდა ის ცესკოსთან, როდესაც აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა? ამის გარკვევას თავად გრიგოლ ვაშაძესთან შევეცადეთ, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ ჩანს ბოლო ორი დღის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძე საპროტესტო აქციებზე.
„ეს ჯობია თავად ბატონ გრიგოლთან გაარკვიოთ. მასე გუშინ არც მე გამოვსულვარ სიტყვით. გუშინ არ იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს პოზიციებს არ იზიარებს“, – გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა.
თანაპარტიელებისთვის გრიგოლ ვაშაძის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამ განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო, პარტიის ლიდერების ერთი ნაწილი კი გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით, ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნოს.
მმართველ გუნდის ინფორმაციით კი, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.
“ნაციონალური მოძრაობაშიც არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა“, – ამბობს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის საგანგებო განცხადებაში, რომელსაც სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ → კითხვის გაგრძელება.










