მისმა ისტორიამ გასულ თვეს მთელი საქართველო შეძრა, გააერთიანა დიდი და პატარა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ქართველები და ყველამ ერთად მისი სურვილის ასრულება შევძელით, თუმცა…
23 წლის მარიამ ძაგნიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. როცა საქართველოში ფინანსური რესურსი ამოეწურა, გადარჩენის იმედით საფრანგეთში ქმართან ერთად გაემგზავრა და ლტოლვილად ჩაბარდნენ.
ბიუროკრატიულმა ნიუანსებმა დროული მკურნალობის საშუალება არ მისცა, მაშინ როცა საბუთები მოაწესრიგა და სამკურნალოდ კლინიკას მიმართა, ანალიზებმა აჩვენა, რომ იოუნგის სარკომას ფესვები მთელ ორგანიზმში ჰქონდა გადგმული.
უიმედო პაციენტს, რომელსაც გადარჩენის 1%-იც კი არ ჰქონდა მაინც დაუწყეს მკურნალობა. სასწაულის მოლოდინში ერთი თვე გავიდა. როცა პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაიწყო, ექიმებმა მის მეუღლეს უთხრეს, მდგომარეობა უიმედოა, მარიამი ყოველ დღე სულ უფრო დამძიმდება და ჯობია თქვენს ქვეყანაში, ოჯახში დაბრუნდეთო…
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავად მარიამმაც კარგად იცოდა. მებრძოლ გოგონას შინ დაბრუნებაზე ფიქრი, ბოლო ანალიზების პასუხმა დააწყებინა. დანებდა. იცოდა და უკანასკნელი დღეების გატარება შვილებთან უნდოდა…ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო.

მისი საქართველოში დაბრუნება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ საქმის ორგანიზება მისმა ახლობელმა ნათია ლორიამ ითავა და რამდენიმე კვირაში შეუძლებელი შეძლო. მიმართა ყველას – ვისაც იცნობდა და არ იცნობდა… თვითმფრინავი სადაც მარიამი იჯდა, ორი კვირის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა…
იქიდან ორი დღით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე მშობლიურ ქუთაისში წაიყვანეს. სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება იმ სახლში უნდოდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა… ბოლომდე მის გვერდით იყვნენ მეუღლე, შვილები და მშობლები… მშობლიურ სახლში მისვლიდან რამდენიმე დღეში გაითიშა…
მარიამის ამ ქვეყნად ყოფნის დრო იწურებოდა. მისი საათი უკუთვლით უკანასკნელ წამებს ითვლიდა. მისმა მეუღლემ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც საყვარელ ადამიანთან ჯვრისწერას გულისხმობდა.
5 დღის წინ დაიწერეს ჯვარი. როცა ჯვრის წერის ცერემონია დასრულდა, მარიამი გონზე მოვიდა და სასულიერო პირს მადლობა გადაუხადა. მერე ისევ გაითიშა და მას შემდეგ გონზე აღარ მოსულა, ისე გავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან…
„როცა ეს ამბავი მისმა 7 წლის გოგონამ გაიგო, დედა დიდი ადამიანივით დაიტირა. მერე ზეცას მიაპყრო თვალები და ღმერთს უთხრა: აღარ მიყვარხარ, დედა რატომ წამართვიო…“ – იხსენებს ოჯახის ახლობელი.
მარიამი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან ოთხი დღის წინ გავიდა. დედამ გოგონას უკანასკნელი საჩუქარი, თეთრი სასახლე გაუკეთა.
„როგორც თავად იყო მარიამი, თოვლივით სპეტაკი და სუფთა, მისი უკანასკნელი სამყოფელიც ისეთი უნდა ჰქონდესო, ამბობდა დედამისი“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მარიამ ძაგნიძეს სამშაბათს დაკრძალავენ… გოგონა, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა დამარცხდა, მასთან ერთად ჩვენც…










