პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, ხვალ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს.
როგორც გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტს შეაფასებენ.
„ვისაუბრებთ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმებზე, ისევე როგორც ვისაუბრებთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, რომ გაუფრთხილდნენ დასაქმებულებს.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დასაქმებულების დიდი რაოდენობა დაინფიცირდა. აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ბიზნესს ყველანაირად ვუდგებით გვერდით, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენ მოსახლეობას. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს“,- განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, აკრძალვის მიუხედავად იყო მანიპულირება, კლუბებში და ღამის რესტორნებში ხალხის შეტყუების მცდელობა, რაც მიუღებელია.
„იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა მუშაობა გაგრძელებინათ, რაღაც შეფერილობებით, ვითომ პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი დაჯარიმდება, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა და ყველაზე აღიძვრება.
ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ არ არის ეს სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთლობასა და სიცოცხლეზე. როდესაც ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გათვითცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და შეტყუება კლუბებში და ღამის რესტორნებში, მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა და მოთხოვებათ უმკაცრესი პასუხი“,-განაცხადა პრემიერმა.










