ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი ბავშვი და ორი ზრდასრულია.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში დადასტურებული კოვიდინფექციით 93 პაციენტი რჩება. ინფიცირებულებს შორის არის 11 ბავშვი, 8 ორსული და ერთი მელოგინეა.
“გვყავს ერთი მელოგინე, რომელმაც “კლინიკა ბომონდში” იმშობიარა.
აღნიშნული პაციენტი კლინიკაში 4 ოქტომბერს, ბათუმის მრავალპროფილური კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. ორსულს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურა და მშრალი სპაზმური ხველა აღენიშნებოდა. კლინიკაში შემოსვლის დროს მდგომარეობა რთული იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ვითარება დასტაბილურდა. კარგად ჩაიარა მშობიარობის პროცესმაც. ამ ეტაპზე დედის და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, 14 სექტემბრიდან დღემდე, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია 100-მა პაციენტმა დაამარცხა.










