“ლელოს” საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა
განახორციელეს. პარტიაში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მუქარის ფაქტებს ასახავს.
“მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, რომელთა დახმარებითაც მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი,”-აცხადებს ირაკლი მატუა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. მისი თმით, “ლელო” ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის შესაჩერებლად.
“ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც “ლელოა”. დღევანდელი ფაქტიც არის იმის დასტური, თუ რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის “ლელო” . ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე, ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით, ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას”, ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას,”-აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.