„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გიორგი რურასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.









