“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარა.
როგორც ვაშაძემ ქუთაისში, მხარდამჭერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც მსუბუქი ფორმითაც ვერ აფასებს ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის ფაქტს, არბევს საკუთარ მოქალაქეებს.
ბრიფინგის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირმა მსუბუქი ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მანქანის გააჩერება მოსთხოვეს. მძღოლთან საუბრისას კი აქტივისტებსა და მძღოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტი მალე ამოიწურა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.









