საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობაზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიესალმება მსჯელობას, რომ ჯარიმების ოდენობა მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე გაუარესების თვალსაზრისით არ აისახოს.
„კვირის განმავლობაში არაერთი ინტერპრეტაცია, მიკერძოებული კომენტარი ჟღერდებოდა მედიით პირბადეების გამოყენებასთან და ამ სანქციებთან დაკავშირებით. მინდა ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს კანონპროექტი და რეგულაციები ეხება პირბადეების გამოყენებას და მის სავალდებულოობას იქ, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მკვეთრად მაღალია. ასეთი არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეთა შორის კონტაქტების ალბათობა ძალიან მაღალია. მაგალითადა, ასეთია სავაჭრო ცენტრები და შოპინგმოლები, სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებები. შესაბამისად, ის ინტერპრეტაციები, რაც კვირის განმავლობაში მოვისმინეთ, რომ პირბადე გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, ეს ინტერპრეტაციები იქნება მოხსნილი მაშინვე, როგორც კი ამ კანონპროექტს დავამტკიცებთ. ვინაიდან კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას უკვე დაევალება, რომ შეიმუშავოს იმ ადგილების კონკრეტული ჩამონათვალი, სადაც პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო. ეს ჩამონათვალი იქნება ისე განსაზღვრული, რომ ზედმეტი დისკომფორტი და მითუმეტეს, ორმაგი ინტერპრეტაციების შესაძლებლობა აღმოიფხვრას მაქსიმალურად. ასევე რჩება კერძო კომპანიების და სავაჭრო სივრცეების მფლობელების ვალდებულებაც, რომ გააკონტროლონ მათ სივრცეში პირბადეების გამოყენება. ასევე რჩება მაღალი სანქციები კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევაზე, ვინაიდან ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ეს სახიფათო და რისკიანი ქცევაა, როდესაც ადამიანი არღვევს კარანტინის და იზოლაციის წესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც მან განმარტა, მთავრობა განსაზღვრავს ვადებს, რეგულაციების მოქმედება სადამდე გაგრძელდება.
„ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ეს შეზღუდვები და პირბადის გამოყენების წესები გავრცელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც მთავრობა ეპიდსაწინააღდეგო ღონისძიებებს აწესებს. ჩვენ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში წინა სხდომაზე მივიღეთ. მთავრობა თავისი აქტით აწესებს ვადებს, შესაბამისად, ეს პირბადესთან დაკავშირებული ვალდებულებებიც იქნება მიბმული იმ აქტზე, რომელსაც მთავრობა გამოსცემს და იმ პერიოდზე, რომელსაც მთავრობის მიერ გამოცემულ აქტშია დარეგულირებული. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ზომების მიღება ახალი სასწავლო წლის პერიოდისთვის არ დაგვჭირდება. თუმცაღა, ეს დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. ეს არ არის უვადო რეგულაციები, შემოგვაქვს იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, თავდაპირველი ვარიანტით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტზე ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.










