რუსეთის ინტერესია საქართველოს დაზიანება და ეს ახალი ამბავი არ არის, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს არის საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქცია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, განცხადებები, რომლის მიზანი ქვეყნის დაზიანებაა, რუსეთს ხშირად სჩვევია.
“ლუგარის ლაბორატორია არის ერთ- ერთი წარმატებული ლაბორატორია მსოფლიოში, რომელმაც თავისი სიტყვა კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესშიც თქვა და იმ დიდ რგოლში, რასაც ეფექტიანი მენეჯმენტი ერქვა, რასაც ექიმების თუ ხელისუფლების სწორი მოქმედებები ერქვა, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიამ თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანა და ერთი ძალიან მსხვილი რგოლი იყო. ახლა თუ ვინმე ღიზიანდება მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნიდან თუ შიდა მტრებიდან, არ ვიცი, ეს მათი საქმეა. თუმცა, ასეთი რეაქციები არ არის შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რაც სინამდვილეში გვაქვს,”- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ტასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით.
ამასთან, საქართველო მზადაა რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში „საერთაშორისო ვარჯიშის“ ფარგლებში დაუშვას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დღეს დავით ზალკალიანის უწყებაში უპასუხეს და მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში ცრუ ბრალდებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.










