2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრთა არჩევამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
ბუნებრივია , როცა ქვეყნის მოქმედი პარლამენტარები შეხვედრებზე ამომრჩევლებს ანგარიშს აბარებს და ამომრჩეველიც შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებს აღრიცხავს.
მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მაშტაბით ინტენსიურად იმართება, თუმცა ანგარიშის ჩაბარების დრო ჯერ არ დამდგარა და კვლავაც ,, შეხვედრის ძირითადი მიზანი სოფლის მაცხოვრებელთა ჩართულობით პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა, პრობლემების განხილვა, მათი გადაჭრის გზების მოძებნა და გამოწვევების ერთობლივად დაძლევაა”, როგორც ეს სოციალურ ქსელში, იმერეთის მხარის გვერდზე წერია ,
შეხვედრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტარი ლადო კახაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე მართავდნენ. წარმომადგენლობითი დელეგაცია სოფელ ქვიტირის, ზედა და ქვედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდა.
გაირკვა, რომ პრობლემები თითქმის იგივეა, რაც წინასაარჩევნოთ და ზოგიერთიც კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობა . მიგრაცია, უგზოობა, უმუშევრობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სხვა. როგორც გაირკვა ეს ყველაფერი უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს და თავადვე მოისმინეს, თორემ ამ პრობლემებზე ადამიანები ყოველდღე სწუხან , თვითმმართველობებს დახმარებას სთხოვენ, ამ საკითხებზე წერს მედია, მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლებასაც თხოვენ ჩართულობას.
ნიშანდობლივია, რომ ,,შეხვედრაზე განიხილეს ის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის საკითხები. მოსახლეობის მხრიდან დაისვა გზების რეაბილიტაციის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის, გაზიფიცირების საკითხი, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონკრეტული და ამომწურავი პასუხები გასცეს. ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. ”
აქვე, კარგიც უნდა ითქვას, რომელიც გემრიელი ლუკმის მსგავსად გამოქვეყნებული ინფორმაციის დასასრულს იკითხება : ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, კეთილმოწყობილია ცენტრალური გზა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის შესრულებულია სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოები. ზედა და ქვედა მესხეთში კი დასრულებულია გაზიფიცირება და საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.”