საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია მთავრობას რიგი საკითხების გადახედვის თხოვნით მიმართავს.
კერძოდ კი, მოუწოდებს შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, რომელიც წარმართავს მუშაობას შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტურიზმის პროფესიონალების დახმარებისა და დასაქმების საკითხებზე.
„საქართველოში COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო ვითარებაში უდიდესი ზიანი ადგება ტურიზმის სექტორს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩებიან გიდები და სექტორის სხვა თვითდასაქმებული პროფესიების წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი. ეს უკიდურესად ამძიმებს ყოველდღიურ ყოფას მათი ოჯახებისა, რომლებიც სწორედ ტურისტული საქმიანობიდან მიღებული ყოველდღიური შემოსავლებით ირჩენდნენ თავს. ასეთი მდგომარეობა არ იძლევა დაყოვნების საშუალებას.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გადაიხედოს რიგი საკითხებისა და გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
1. შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, რომელიც კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართავს მუშაობას შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტურიზმის პროფესიონალების დახმარებისა და დასაქმების საკითხებზე; სექტორის წარმომადგენელთა ჩართვა მოხდეს წარმომადგენლობითი პრინციპით, მათ შორის პროფესიული ასოციაციებისა და რეგიონების წარმომადგენლების გათვალისწინებით; ჩართვისას უზრუნველყოფილი იქნას მხარეთა მიუკერძოებლობა;
2. ჯგუფის მუშაობა წარიმართოს საჯაროდ და გამჭვირვალედ; მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები გაშუქდეს მასმედიით;
3. მოხდეს უცხო ქვეყნების გამოცდილების სათანადოდ გათვალისწინება და დროულად იქნას გამოყენებული მათი წარმატებული მაგალითები პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისთვის უსაფრთხოების პირობების სრული დაცვით;
4. გაუქმდეს ყველა შეზღუდვა და აკრძალვა, რომელიც არ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების რისკებთან და შეიქმნას ყველა შესაძლო ხელსაყრელი პირობა სექტორის წარმომადგენელთა ეკონომიკური საქმიანობისთვის;
5. სამუშაო ჯგუფის ჩართულობით შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ტურისტების ნორმალური ნაკადის აღდგენამდე უზრუნველყოფს რაციონალური გადაწყვეტილებების უმოკლეს ვადებში მიღებასა და შესრულებას ტურიზმის სექტორის შემოსავლის გარეშე დარჩენილ წარმომადგენელთა ფინანსური დახმარების, სესხების რესტრუქტურიზაციის, ალტენრატიული დასაქმების, თუ სხვაგვარი მხარდაჭერისთვის”,-აღნიშნულია საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის მიმართვაში, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობაა.










