ვინ არიან გარდაცვლილები?
ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი, ნუციკო ფხალაძე – ნინო ტრაგედიას გადარჩენილი სამი წლის თაიას დედაა. ის ხუთი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, სამი შვილი სკოლაში გაუშვა, მეუღლე სამსახურში იყო, აფეთქებისას ნინო, ნუციკო და თაია იყვნენ სახლში.


ვერიკო ვანიშვილი – აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა. ტრაგედიის შესახებ მისმა ძმამ, დავით ვანიშვილმა დაწერა: “აღარ მყავს არც და და არც დისშვილი, არიანა… ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის…”


ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი – ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს. მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.

გარდაცვლილია კიდევ ერთი მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არ არის.
- ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.










