მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული რიგი ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების შემოღება.
ამას „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილებების თანახმად, სერტიფიცირების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო ამავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორება 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს“ ახალი მუხლებიც ემატება. კერძოდ, დგინდება პასუხისმგებლობა საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე, რაც გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.
საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
წესდება ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლაზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.










