ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა – გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტთან მკვლელობა მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე ცოლ-ქმარი.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია. ისინი სავაჭრო ცენტრ “საბაში” მუშაობდნენ, არ ჰყავდათ შვილი. გარდაცვლილები ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.
ჩვენი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ლიფტთან დახვდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი გვიყვება, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ცოლ-ქმარი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომლის ლიფტთანაც მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი სავაჭრო ცენტრ “საბას” თანამშრომლები იყვნენ.მათ თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა, მკვლელობის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.
მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.










