პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, – ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა თხოვნით, სხდომა არ დახუროს.
შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
“რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განმარტებები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა, მას სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ახლა სხდომის დახურვაზე მსჯელობდნენ და მხოლოდ აღნიშნულზე ესაუბრა.
“რაც შეეხება სხდომის დახურვას, რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები, მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.










