თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, რისი შესაძლებლობაც შექმნა პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.
„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია – ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.









