სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
დეპარტამენტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა რომ ფიზიკურ პირები ნ. მ. (მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) და ქ. კ. (მისამართი: თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ფრინველის დაკვლას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ობიექტებზე დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნებიც. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.










