“ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი არ არის, ხან რომელი მედიკამენტი გაქრება ქვეყნის ყველა აფთიაქიდან, ხან რომელი. ამჯერად ქვეყნის ყველა აფთიაქში მხედველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი, მედიკამენტ “აზარგას” გაქრობამ ჩამაგდო სასოწარკვეთაში, რომელიც ქრონიკულად მაქვს დანიშნული. აღნიშნული მედიკამენტი დაბლა სწევს თვალის წნევას და ამით უწყობს ხელს მხედველობის შენარჩუნებას. შექმნილი დეფიციტის გამო მედიკამენტს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აფთიაქებში ვყიდულობდი და ნაცნობები მიგზავნიდნენ თბილისში. ბოლოს საერთოდ რომ ვერ ვიშოვე, ექიმს ვთხოვე შემცვლელი დაენიშნა და სამი მედიკამენტი გამომიწერა, რომელთა მარაგი ასევე ქვეყნის ყველა აფთიაქში ამოწურული აღმოჩნდა. მითხარით, ასეთ დროს რა ქნას ადამიანმა, რომელსაც არავინ ჰყავს საზღვარგარეთ, წამალი რომ გამოაგზავნინოს? სასოწარკვეთილმა დახმარებისთვის ინტერნეტს მივმართე და ლეჩხუმიდან უცხო ქალბატონი გამომეხმაურა – დედისთვის მქონდა შეძენილი, რომელიც ახლახან გარდაიცვალაო და გამომიგზავნა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი, კიდევ კარგი, ადამიანური თანაგრძნობა არ დაგვიკარგავს. არ ვიცი, მომავალ თვეს რა უნდა გავაკეთო ამ ჩემთვის აუცილებელი მედიკამენტების შეძენისთვის, მით უფრო არც ერთ აფთიაქში არა აქვთ ინფორმაცია, რომ ოდესმე შემოიტანენ. პატივისცემით რობერტ იოსავა”
“კვირის პალიტრა” წერს რომ ბატონ რობერტსა და შესაბამისად, სააფთიაქო ქსელსაც დაუკავშირდნენ, სადაც აღნიშნული მედიკამენტებიდან მართლაც არც ერთი არ მოიძებნა, ბატონმა რობერტმა კი უკვე სხვა პრეპარატის, ამჯერად “ლევომიკოლის” მალამოს დეფიციტზე შემოგვჩივლა:
– სანამ თქვენ დამიკავშირდებოდით, შვილიშვილი დაეცა და მუხლები გადაიყვლიფა. ჭრილობა რომ არ დასჩირქებოდა, ჭრილობის “ლევომიკოლით” დამუშავება გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერც ის და ვერც მისი ანალოგი ვერსად ვიშოვეთ. რუსთავში, სადაც ვცხოვრობ, ყველა აფთიაქში მოვიკითხეთ და არსად არის. საბედნიეროდ, ამ პრეპარატის შემცვლელი ანტიანთებითი მედიკამენტები მოიძებნა, მართალია, ბევრად ძვირად ღირებული, მაგრამ რა გზა გვქონდა და შევიძინეთ. ვერ ვხსნი, რატომ ქრება აფთიაქებიდან პერიოდულად ბიუჯეტური წამლები.
ამ პრობლემის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით, რომლის პრესცენტრის განმარტებით: “მედიკამენტები სახელმწიფო ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სააფთიაქო ქსელებს შემოაქვთ და სწორედ ისინი აგებენ პასუხს მედიკამენტების დეფიციტზე. თუმცა საზოგადოების მიმართვის საფუძველზე ჯანმრთელობის სამინისტროს შეუძლია თითოეული მედიკამენტის დეფიციტი გამოიკვლიოს და სააფთიაქო ქსელში დააბრუნოს”.









