პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას აქვს თავისი გამოვლინება და ოპოზიციის დასუსტების გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება.
„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მას თუ აქვს რაიმე ინფორმაცია გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის დაპირისპირებაა იმის გამო, რომ დიდ ნაწილს არ სურს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარმოებაში მიღება, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესია.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ჯანსაღი პროცესია, ნებისმიერ სასამართლოში შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები მოსამართლეებს შორის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის თავიდან ბოლომდე სასამართლოს საქმე, მე ვერ გეტყვით იქ რა მდგომარეობაა. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, თუ რაიმე ცვლილება იქნება ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეგატყობინებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად 2025 წელს მიმართა. სარჩელი სამ პარტიას „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ ეხებოდა, მაგრამ შემდგომ მმართველმა გუნდმა ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და სასამართლოში ახალი, დაკორექტირებული ვერსია წარადგინა, რომლითაც ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატა.










