კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს და წერს:
“…პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია “სურსათის ეროვნული სააგენტოს” ზოოვეტერინარი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მესამე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში