ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ პრობლემა ევროპასთან, ევროკავშირთან და იმ იდეასთან არ გვაქვს, რომელიც სინამდვილეში ევროკავშირს უკავშირდება, ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირს დღეს ნდობა აქვს დაკარგული, „ეს კარგად გამოჩნდა, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგითაც“.
„ის არჩევნები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ისლანდიის რეფერენდუმი რა იყო, თუ არა იმის დადასტურება, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ? ისლანდია, რომელიც ყველანაირად დაკავშირებულია ევროკავშირთან, ერთი ფორმალური ნაბიჯი აკლიათ, რომ ევროკავშირის წევრი ერქვათ, ინტეგრაციის ასეთ ხარისხზე არიან და მათაც შეეშინდათ არა თუ წევრობის, არამედ მოლაპარაკებების განახლების. საუბარია იმაზე, რომ თევზჭერის მკაცრი რეგულაციები აქვს ევროკავშირს და ისლანდიელებმა თევზჭერას გადააყოლეს ევროპული მომავალი – ამას ამბობდა ოპოზიცია.
ევროკავშირი ისლანდიას სთავაზობდა, რომ მათთვის სპეციალურ გამონაკლის რეგულაციებს დააწესებდა, ცალკე შეთანხმება ექნებოდათ თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ინტერესებს გაითვალისწინებდა. სწორედ ეს არის მთავარი, ეს პირობა მისცა ბრიუსელმა და ისლანდია ამ პირობას არ ენდო. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ნდობა დღეს დაკარგული აქვს ბრიუსელს ყველას თვალში, მათ შორის ქართველი ხალხის, ისლანდიის თვალში. ჩვენ ვცდილობთ, ბრიუსელმა თავისი კურსი შეცვალოს.
ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ამას ამბობს. ჩვენი, როგორც ევროპული და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანი, მათ შორის არის ის, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს.
თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია. ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი ვერ ვიქნებით, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა და აღარავინ სცემს პატივს საგარეო პოლიტიკაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში] არც კი ხვდება. წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ერთხელაც არ შეხვედრია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ჩვენ გვინდა ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირი, რომელსაც დღეს ხელს უშლის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









