გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე. ინფორმას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელესბ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსი პროფესორის ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო.
“ქალბატონმა ცისანამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობა ქართული მეცნიერების, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის განვითარებას, ახალგაზრდა თაობების აღზრდას მიუძღვნა.
1990 წლიდან ღვაწლმოსილი მეცნიერის მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როდესაც პროფ. გურამ ჩიქოვანთან ერთად აღმოსავლური ენების კათედრას ჩაუყარა საფუძველი.
მისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა დაკავშირებულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან.
აკადემიკოს სერგი ჯიქიას ღირსეული მოწაფე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროების შესწავლასა და ქართული თურქოლოგიური სკოლის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მკვლევართა არაერთი თაობა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სრულიად აკადემიურ პერსონალს.” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.










