ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები
ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი
სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია
ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას
დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად ეცნობა.










