სტუდია “მონიტორი“ თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს – საუბარია A.K. ჯგუფის საქმეზე.
გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, როგორც აღმოჩნდა, სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა და მათი ქონება დაყადაღდა, საქმიანობას აგრძელებენ და კიდევ უფრო მდიდრულად ცხოვრობენ.
“მონიტორის“ ინფორმაციით, ჟურნალისტები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ჯგუფის წევრების გადაადგილებას.
საგამოძიებო ფილმის მიხედვით, ახალი ოფისი დიღომში, მირიან მეფის 68 ნომერში მდებარეობს. ამავე მისამართზე დააფიქსირეს და ამოიცნეს ადამიანები, რომლებიც შარშან ქავთარაძისა და შარტავას ქუჩის ოფისებში ჰყავდათ ნანახი.
A.K. ჯგუფის ლიდერად აკაკი ქევხიშვილი სახელდება, ამოიცნეს რუსულენოვანი აგენტი ანჟელიკა ჩხაპელია და მერი შოთაძეც, ჯგუფის დირექტორი. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, ქევხიშვილი დაცვის თანხლებით, რამდენიმე ძვირადღირებული მანქანით გადაადგილდება.
მონიტორისა და კიდევ 30 სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალების შარშანდელი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჯგუფმა თაღლითური ქოლ-ცენტრების საშუალებით, ევროპასა და კანადაში 6 ათასზე მეტი ადამიანი გაძარცვა და 35 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა.
მოგვიანებით, “მონიტორისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ახალი ჟურნალისტური გამოძიების ანონსის შემდეგ, ოფისი, სადაც AK ჯგუფის გაშიფრული აგენტები იკრიბებოდნენ, დაიხურა. ამჟამად ორივე სართული ქირავდება. ინფორმაცია ამის შესახებ „მონიტორს“ შენობის მფლობელმა დაუდასტურა.
ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ ბმულზე:










