ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დაზიანებული მე-7 კმ-ის მონაკვეთის (სოფელი კურსები) სანაცვლოდ, ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.
პროექტირების განხორციელების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „პროჯეკტ კომპანიმ” – გამოხატა. ამჟამად შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 691 000 ლარი იყო, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულების ფასად 2 152 801 ლარი დაასახელა.
ვის ეკუთვნის „პროჯეკტ კომპანი“?
შპს „პროჯეკტ კომპანი“ სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი გიორგი ჭყოიძეა, რომელიც კომპანიის 60%-იან წილსაც ფლობს. დარჩენილ წილებს კი ლაშა ჩილოჩავა (20%) და აკაკი გოგობერიშვილი (20%) ინაწილებენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2026 წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 12 სახელმწიფო შესყიდვაში, საიდანაც 2 ტენდერში გაიმარჯვა, 3 ტენდერში კი შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
რატომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მოწყობა?
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გზა უზრუნველყოფს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირს. თუმცა, ბოლო პერიოდში მე-7 კმ-ის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია გზის ცალკეული მონაკვეთების დამეწყვრა და სავალი ნაწილის ძლიერ დაზიანება, რის გამოც არსებული გზა ვეღარ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და უწყვეტ მოძრაობას.
არსებული მდგომარეობა ქმნის სატრანსპორტო შეფერხებებს, ზრდის გადაადგილების დროსა და საექსპლუატაციო ხარჯებს, ამასთანავე წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს“, – ვკითხულობთ დოკუმენტებში.
დოკუმენტების მიხედვით, ახალი გზის სავარაუდო არეალი ასე გამოიყურება:

ტექნიკურ დავალების თანახმად, ალტერნატიული მარშრუტები მაქსიმალურად უნდა შეირჩეს არსებული ლანდშაფტის, გეოლოგიური და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით.
„საპროექტო გადაწყვეტა საჭიროებისამებრ მოიცავს ხელოვნური ნაგებობების, მათ შორის ხიდების, საყრდენი კედლების, წყალგამტარი ნაგებობების, ფერდობის დამცავი, მეწყერსაწინააღმდეგო და სხვა საჭირო ღონისძიებების პროექტირებას.
წინამდებარე დავალება მოიცავს აღნიშნული ალტერნატიული საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.
რაც შეეხება ვადებს, მიმწოდებელმა პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.










